სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივა მედში მოინახულა. ჟურნალისტებთან საუბრისას ომბუდსმენმა თქვა, რომ ბოლო ვიზიტთან შედარებით მიხეილ სააკაშვილი "უკეთესად გამოიყურება".
"მოვინახულე ვივა მედის კლინიკაში ყველა მსჯავრდებული და ბრალდებული, ვინც იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდი და რა თქმა უნდა, მოვინახულე მიხეილ სააკაშვილიც და მასაც ვესაუბრე. [...] მისი ჯანმრთელობის შესახებ ასე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორც დამხვდა მიხეილ სააკაშვილი, იმასთან შედარებით ბევრად უკეთესად გამოიყურება", - თქვა იოსელიანმა.
კითხვაზე, განიხილება თუ არა მიხეილ სააკაშვილის კლინიკა ვივა მედიდან საპატიმროში გადაყვანა, მან თქვა, რომ "ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას".
"მის დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ყოფილა. ეს არ არის არც ჩემი, არც კლინიკის კომპეტენცია. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მივიღე ინფორმაცია, მაგრამ ამ ინფორმაციაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება მის გადაყვანასთან დაკავშირებულ საკითხს, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა", - აღნიშნა ომბუდსმენმა.
იოსელიანის თქმით, ყოფილ პრეზიდენტთან მოკლე შეხვედრა ჰქონდა და მიხეილ სააკაშვილს რაიმე კონკრეტული მოთხოვნები არ გაუჟღერებია.
"მოკლე შეხვედრა იყო, ძირითადად მადლობა გადამიხადა სახალხო დამცველის აპარატს, რომ მთელი წლის მანძილზე რეგულარულად ვამონიტორინგებთ მის მდგომარეობას და საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას და მეც ვუთხარი, რომ ჩვენი მხრიდან, მანდატის ფარგლებში რაც არის გასაკეთებელი, არა მარტო მის მიმართ, ყველას მიმართ, აუცილებლად გავაკეთებთ. რაიმე კონკრეტული მოთხოვნა ჩემთან მას არ გაუჟღერებია, არც ექიმების მიმართ, მათ შორის", - თქვა სახალხო დამცველმა.